"ოცნება" ოპოზიციას: ხვალ დღის განმავლობაში წარადგინეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის თქვენთვის მისაღები კანდიდატები

15.05.23 21:18
"ოცნება" ოპოზიციას: ხვალ დღის განმავლობაში წარადგინეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის თქვენთვის მისაღები კანდიდატები

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალ დღის განმავლობაში წარმოადგინონ. 

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხვალ გაირკვევა, არის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაკომპლექტებლად თანხვედრა და კონსენსუსის შანსი.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან, 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს, როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.

ჩვენ არ შევზღუდავთ  ოპოზიციის წარმომადგენლებს, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, რომ წარმოადგინონ მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხზე მიღწეული იყოს კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ, რომ კენჭისყრა მოხდეს.

ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მისაღები და რატომ დაუჭერენ მხარს კონკრეტულ ადამიანებს"- თქვა მდინარაძემ.