რუსული თვითმფრინავი საქართველოში კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება - ხოშტარია აქციას აანონსებს
რუსული თვითმფრინავის პირველი პირდაპირი რეისის პარალელურად დედაქალაქში მსვლელობა გაიმართევბა - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა."დროას" ლიდერის თქმით, 19 მაისს, 12:00-ზე რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბებიან და მოსკოვი-თბილისის ფრენის გასაპროტესტებლად კოლონით წავლენ.
"მთელ მსოფლის ვაჩვენებთ, რომ ქართული ოცნების გარდა ამ თვითმფრინავს ტაშით არავინ ხვდება"- თქვა პარტიის ლიდერმა.
"ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად დგას ქართული საზოგადოება. ამიტომ 19 მაისს, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, 12 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, ეს ჩვენი საქმე არაა, ვინ როგორ გადაწყვეტს სად იფრინოს, მაგრამ ჩვენ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ვაჩვენებთ, რომ ქართული ოცნების გარდა ამ თვითმფრინავს ტაშით არავინ ხვდება", - განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის ნებართვის გაცემა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და "ღალატია".
პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყველა აქციას შეუერთდებიან, რომელიც ამავე თემაზე დაიგეგმა.