27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

16.05.23 12:38
27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

27 მაისს, 6 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან - "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრობიდან 1 წლის თავზე, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ აქცია დააანონსა. გედევან ფოფხაძის თქმით, ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გვარამიას უკანონო პატიმრობას.

ფოფხაძე ასევე საუბრობს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პასუხისმგებლიბაზე და ამბობს, რომ ძნელი სათქმელია, სასამართლო უფრო დამნაშავეა თუ პრეზიდენტი, რომელსაც გვარამიას უკანონო პატიმრობის დასრულობე აშეუძლია. 

"ჩვენ დღეს ვაანონსებთ ჩვენს მომავალ დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ, ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 6 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან და ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით. 

ჩემთვის ძნელი სათქმელია, ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები - 22 ივნისს ბოლო თარიღი აქვს, რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ გავაპროტესტებთ უკანონო პატიმრობასაც და იმასაც, რომ ამ უკანონო პატიმრობას ჰყავს ხელისშემწყობები", - განაცხადა ფოფხაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.