სააკაშვილი კლინიკის წინააღმდეგ - პრეზიდენტის თქმით, "ვივა მედმა" სტრასბურგს მცდარი ანალიზები მიაწოდა

16.05.23 17:54
სააკაშვილი კლინიკის წინააღმდეგ - პრეზიდენტის თქმით, "ვივა მედმა" სტრასბურგს მცდარი ანალიზები მიაწოდა

მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედს" ტყუილში ადანაშაულებს - მესამე პრეზიდენტი ფეისბუკზე წერს, რომ წინა კვირას ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა,  "ვივა მედმა" კი სტრასბურგს აცნობა, რომ ყველა ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.

დაპატიმრებული პრეზიდენტი პირდაპირ წერს, რომ რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც თავადაა, ჩამოშლება, მანამდე კი შეეცდება რომ გაუძლოს და იცოცხლოს.

"წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც "ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას. 
წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია. 
არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება. 
შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო". - წერს სააკაშვილი.