რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის - ვედანტ პატელი "ოცნებას" აფრთხილებს

17.05.23 10:23
რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის - ვედანტ პატელი "ოცნებას" აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება, რომ ახლა, როდესაც დასავლური სამყარო რუსეთისგან სრულად დისტანცირდა, მასთან ურთიერთქმედების დრო არ არის.

ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსეთ-საქართელოს პირდაპირი ფრენების აღდგენა შემაშფოთებელი ფაქტი იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ მონიტორინგს განაგრძობს. 

ამაზე უკვე ვისაუბრე. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები თუ დაიწყება, ეს არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ დანარჩენი დასავლური ქვეყნებისთვის იქნება მზარდი შეშფოთების საგანი, ისევე როგორც კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ, თუ ისინი იმ თვითმფრინავებს ემსახურებიან, რომლებიც საიმპორტო და საექსპორტო [სანქციების] ქვეშ არიან.

დასავლური თანამეგობრობა მთლიანად დისტანცირდა რუსეთის ფედერაციისგან და გვჯერა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის… ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით ჩვენი შეშფოთების შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიონი ვიყავით იმის შესახებ, რომ ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები, რომ რუსულ თვითმფრინავებს ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლა შევუზღუდეთ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დასავლურმა ქვეყანამ.

ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და დამატებით ნაბიჯებს საჭიროების მიხედვით გადავდგამთ, - განაცხადა პატელმა.