ქალი დეპუტატები ხელისუფლებას: გააუქმეთ რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე თანხმობა

17.05.23 11:20
ქალი დეპუტატები ხელისუფლებას: გააუქმეთ რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე თანხმობა

რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხზე ქალმა დეპუტატებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. 

თეონა აქუბარდიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის საჩუქარი იმ ფონზე მიიღო, როცა, 36 ქვეყანას აქვს აკრძალული რუსეთთან პირდაპირი ფრენა. 

"უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, როდესაც რუსეთიო აძლიერებს ოკუპაციას და დგამს ანექსიისკენ ნაბიჯებს, როდესაც ის იტაცებს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენს მოსახლეობას და იმავდროულად, როდესაც გაცხადებული სურვილი მოსახლეობის არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 36 ქვეყანას აქვს აკრძალული რუსეთთან პირდაპირი ფრენა, საქართველოს მთავრობა იღებს კრემლისგან "საჩუქარს" და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს და საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას , იმავდროულად ის აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და გუშინდელი განცხადებები ქართული ოცნების ლიდერის სხვა არაფერი არაა თუ არა მცდელობა, დამატებით იზოლაციაში მოაქციოს საქართველო დასავლეთისგან და ამით გააძლიეროს რუსული გავლენები და ამიტომ ჩვენ ქალი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის საფრთხის შემცველი არამხოლოდ ჩვენიო ევროპული მომავლისთვის არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის" - აცხადებს თეონა აქუბარდია.

"ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ  პირდაპირი ფრენების აღდგენა,  ორმხრივი გადაწყვეტილებაა და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. 

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია უვიზო რეჟიმის შემოღება ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია ქვეყანა ერთის მხრივ მიისწრაფოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორეს მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთს ორბიტაზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სხვა შემთხვევაში მუშაობა და პროცესის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, ეს იქნება ფარსი და საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და საქართველოს ევროინტეგრაციას" -  აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.