რუსეთთან ფრენების აღდგენა - ვოლსკი ამტკიცებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგაც ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა და რუსეტთან ფრენების აღდგენაში საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟის შექმნაა.
არ არის ეს ახლა, რასაც ოპოზიცია მიმართავს, აქ არის მთელი ძალისხმევა მობილიზებული იმისათვის, რათა საქართველოს საკითხი არ იქნეს პოზიტიურად განხილული, როდესაც კანდიდატობაზე იქნება ევროკავშირის სტრუქტურებში მსჯელობა. რომ თითქოს ჩვენ რაღაც დავუთმეთ რუსეთს, რაც რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან რუსეთმა მოხსნა ფრენები. ასეთი მწვავე განცხადებების და შეფასებების კეთება ოპოზიციის მხრიდან უნდა განვიხილოთ როგორც კიდევ ერთი დესტრუქციული ნაბიჯი, საბოტაჟის ფორმა აქვს ამას ყველაფერს, და ემსახურება იმ გეგმას, რომელიც დაისახეს ანუ დაპირისპირებების განვითარებას იმ შემთხვევაში, როცა ამას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია. საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია, - ამბობს ვოლსკი.