ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს, ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტების" კუთვნილი წევრობა კომისიაში - ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ "პატრიოტათა ალიანსს" საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლა ეკუთვნის, თუმცა ირაკლი კობახიძე ფრიდონ ინჯიას გამოყენებას ცდილობს, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" წევრი აღარ არის.
ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.
ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯფუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ თურმე საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას „პატრიოტთა ალიანსს", რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა", - განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში შექმნილი არჩევნების შემსწავლელი კომისიის წევრებს შორის "ევროპელი სოციალისტების" ლიდერიც, ფრიდონ ინჯია, არის. ინჯია პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შევიდა, შემდეგ კი პარტია დატოვა და "ევროპელი სოციალისტები" ჩამოაყალიბა.