ხელისუფლების მიზანი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა - "დროა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პარტია "დროა" ბრატისლავაში "გლობალსეკის" ფორუმზე გაკეთებულ ანტიდასავლურ გზავნილებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი მიზანმიმართულ პოლიტიკას აწარმოებს, რომლის მიზანიც დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება და საქართველოს იზოლაციაში მოქცევაა.
"დროა" წერს, რომ ხალხის ერთადერთი პასუხი მოქმედი ხელისუფლებლის მიმართ არის "არა რუსულ მთავრობას".
"ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა - დაუპირისპირდეს ყველა დასავლელ პარტნიორს, მოკავშირეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერს, მოაქციოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, დატოვოს რუსეთთან მარტო და ამით გაანადგუროს სახელმწიფოებრიობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან - რუსეთთან. შესაბამისად, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის პასუხი ხელისუფლებისთვის, რომელიც ატარებს მტრის და არა ხალხის ინტერესს, იქნება ერთადერთი - არა რუსულ მთავრობას!" - წერია განცხადებაში.
ირაკლი ღრაიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ანტიდასავლური გზავნილები გააჟღეა. პრემიერმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა გახდა.