„სხდომები შეიძლება ერთ კვირაშიც დაიწყოს“ - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე

07.10.26 20:56
„სხდომები შეიძლება ერთ კვირაშიც დაიწყოს“ - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის განხილვა შესაძლოა ერთ კვირაშიც დაიწყოს. მისი თქმით, კანონით განსაზღვრული 9 თვიანი ვადა მაქსიმალური ვადაა, მინიმალური ვადა კი დადგენილი არ არის და პროცესი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაეცნობიან მოსამართლეები სარჩელს.

როინიშვილის განცხადებით, საქმეზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რვა მოსამართლე განიხილავს, ამიტომ განხილვის დაწყების კონკრეტული თარიღი მასზე არ არის დამოკიდებული.

კითხვაზე, როდის შეიძლება დაიწყოს სასამართლოში საქმის განხილვა და რამდენად რეალურია მოლოდინი, რომ სხდომები იანვარში გაიმართება, როინიშვილი პასუხობს:

„მოლოდინი შეიძლება ერთკვირაშიც შეიძლება იყოს, გააჩნია, მოსამართლეები როგორ გაეცნობიან, 9თვიანი ვადა 9 თვეში რომ უნდა მოხდეს მაგას გულისხმობს, მინიმალური ვადები არარის განსაზღვრული და როგორც მოხერხდება იმის მიხედვით...“

რაც შეეხება იმას, მოსამართლეები სარჩელს ინდივიდუალურად გაეცნობიან თუ განხილვების დაწყებამდე პლენუმის წევრები ერთობლივად იმსჯელებენ, როინიშვილი ამბობს:

„გააჩნია, ხან როგორ ხან როგორ...“

კითხვაზე, იგეგმება თუ არა კონკრეტულად ამ საქმეზე მოსამართლეების შეკრება და ერთობლივი მსჯელობა, მან უპასუხა:

„ჯერ ვერ გეტყვით მაგას.“

როინიშვილის თქმით, მიმდინარე საქმეზე შინაარსობრივი შეფასებების გაკეთება განხილვის დაწყებამდე მიზანშეწონილი არ იქნება.

„ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, პლენუმს 8 მოსამართლე მსჯელობს. განსხილველ სამქეზე რამის თქმა, სწორი ვერ იქნება.“

მსგავსი სიახლეები