"ოცნება" პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის პროცედურას ოფიციალურად იწყებს

31.05.23 12:36
"ოცნება"  პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის პროცედურას ოფიციალურად იწყებს

პარლამენტი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის პროცედურას ოფიციალურად იწყებს. ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება ცესკოს ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილებას პრეზიდენტს ართმევს.

საკითხს კენჭისყრაზე დღეს გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას "ოცნების" მხარდაჭერა ექნება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და საარჩევნო ადმინისტრაციაზე სრული კონტროლის დამყარება გადაწყვიტა.

პარლამენტის წევრ არმაზ ახვლედიანის თქმით, "ქართული ოცნება" ამ ინიციატივით ძირს უთხრის 24 წლის არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებას და სწორედ ამიტომ მათი პირველი შეტევა სწორედ "ცესკოზე" განახორციელეს.

"ქართულმა ოცნებამ აიღო ახლა კურსი საბოლოოდ, რომ ძირი გამოუთხაროს ყველა ინსტიტუციას, რომელმაც მეტად თუ ნაკლებად უნდა უზრუნველყოს 24-ის არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარება და გასაგებია, რომ პირველი შეტევა არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, მისი ფაქტობრივად პოლიტიკური ოკუპირება გადაწყვიტა ოცნებამ და ამ მზაკვრულ გეგმას ნაბიჯნაბიჯ ახორციელებს რა თქმა უნდა ეს უკიდურესად დააზიანებს ევროპულ პერსპექტივას" - ამბობს პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი.

ირაკლი ქადაგიშვილი კი ხელს ისევ "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს და ამბობს, რომ შარლს მიშელის ხელშეკრულება გაუქმებულია, რადგან ოპონენტებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. 

"საუკეთესო საარჩევნო კოდექსით არჩევნების ჩატარება დგება საფრთხის ქვეშ იმიტომ, რომ წელიწად ნახევარია საარჩევნო კომისიის არჩევა ვერ ხდება სწორედ აი ამ ბოიკოტის გამო. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ ამ კარგი კოდექსით 2024 წლის არჩევნები შედგეს. მიშელის ხელშეკრულება გაუქმებულია და გაუქმებულია იმიტომ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 100 დღის განმავლობაში არ მიიღო მონაწილეობა ამაში" - თქვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტით სალომე ზურაბიშვილს "ცესკოს" თავმჯდომარის შერჩევის უფლება ერთმევა. ცნობილია, რომ ეს საპასუხისმგებლო მისია მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა ხდება.