ფარული მოსმენები და დაცული აპლიკაციები - "ოცნების" მაღალჩინოსნები ღია კავშირზე საუბარს ერიდებიან

09.03.21 11:32
ფარული მოსმენები და დაცული აპლიკაციები - "ოცნების" მაღალჩინოსნები ღია კავშირზე საუბარს ერიდებიან

მას შემდეგ, რაც  „ტვ პირველის“ შაბათის ეთერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ცნობები გამოაქვეყნა, მმართველი პარტიის ლიდერები ღია კავშირზე საუბარს ერიდებიან. ისინი კომუნიკაციისთვის ყველაზე დაცულ სატელეფონო ქსელს „სიგნალს“ ირჩევენ.

„სიგნალი“ კოდირებულ კავშირზე დამყარებული აპლიკაციაა, რომლის მოსმენაც სპეცსამსახურებს, მათ შორის, სუს-საც უჭირს. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ამ ქსელს ერთი მეორეს მიყოლებით ირჩევენ.

მიუხედავად ამისა, „ქართულ ოცნებაში“ ისევ იმეორებენ, რომ უკვე რვა წელია, რაც ქვეყანაში ფარულ მოსმენებს ადგილი აღარ აქვს, დაცული ქსელის გამოყენებაში კი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.

ოპოზიცია კი, დარწმუნებულია, რომ ფარული მოსმენები ხელისუფლებისთვის ნაცადი ხერხია.

როდესაც თვითონ ხელისუფლებსი წარმომადგენლებიც კი, და ამაზე ღია საუბრებიც მიმდინარეობს, ჩანს კიდეც სიგნალს, როგორც კი ადამიანი რეგისტრირდება, ვისაც აქვს „სიგნალის“ აპლიკაცია, თავისთავად ამყარებს სხვა მტკიცებულებებზე და ტენდენციებზე დამყარებულ ეჭვებს, რომ მათაც ეჭვი ეპარებათ, რომ უსმენენ საკუთარი თანაგუნდელები, - ამბობს „ლელოს“ წევრი  ანა ნაცვლიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით,  ფარული მოსმენები კიდევ ერთი მიზეზია ბიძინა ივანიშვილის მიმართ მონური მორჩილების.

ამაში დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და სავარაუდოდ, გარკვეულწილად, ბევრ სხვა მორჩილების მიზეზთან ერთად ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმ მონური მორჩილების, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ რიგებში ბიძინა ივანიშვილის მიმართ, - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები