კულტურის მინისტრი გაღიზიანდა, პოსტიც წულუკიანის რეაქციაა - გაგა ჩხეიძე

02.06.23 17:49
კულტურის მინისტრი გაღიზიანდა, პოსტიც წულუკიანის რეაქციაა - გაგა ჩხეიძე

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ კინოცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებითაა დაწერილი.

მისი თქმით, კულტურის მინისტრი  გოეთეს მიერ მედლის გადაცემამ გააღიზიანა: 

ეს არის მისი და არა კინოცენტრის, ან სამინისტროს რეაქცია. ეს განცხადება კინოცენტრის ან მისი დირექტორის დაწერილს არ ჰგავს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაციების ავტონომიას ვერ ეგუებიან ჩვენი კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები"- ამბობს ჩხეიძე. 

მისი თქმით, შესაძლოა კინოფესტივალს საფრთხე შეექმნას. გაგა ჩხეიძე იმედს იტოვებს, რომ მისი პიროვნების გამო კინოფესტივალს დაფინანსება არ შეუწყდება.

კინოცენტრმა განცხადება დღის პირველ ნახევარში გაავრცელა, წულუკიანის უწყებას დაქვემდებარებული ცენტრი გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძის დაჯილდოებას აკრიტიკებდა და კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. 

გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა. ისნტიტუტი პირდაპირ წერდა, რომ ის კინოცენტრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო მოხსნეს.

კინოცენტრი ამტკიცებს, რომ ჩხეიძე კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან არა უკრაინის მხარდაჭერის გამო, არამედ კულტურის შიდა აუდიტის დასკვნის გამო გაათავისუფლეს.