მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება - მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციებზე
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ სანქციების შედეგები თავდაპირველად სათანადოდ ვერ შეაფასა და ახლა საქართველოში ფინანსური საქმიანობის შესაძლებლობა ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. პრო-რუსული განწყობების მქონე ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ბელარუსში იმყოფება, ამბობს, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში სოციალურ ქსელებსა და „იუტუბის“ მონეტიზაციაზეც შეეზღუდოს წვდომა.
მჟავანაძე, რომელიც Sezon TV-ის ყოფილი წამყვანია და ამჟამად პორტალ Taonews-ს ხელმძღვანელობს, სანქციების დაწესებიდან ხუთი დღის შემდეგ, 6 ოქტომბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს:
„ვიღაცეებმა, - თავიდან მეც, - ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის მეგობრებო ეს სანქცია“.
მისი განცხადებით, სანქციების გამო საქართველოში საბანკო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებს.
„ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება... ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში“, - განაცხადა მან.
მჟავანაძის თქმით, ელოდება, რომ შეზღუდვები მის სოციალურ ქსელებზეც აისახება. მათ შორის ის საუბრობს YouTube-ზე, სადაც, მისი განცხადებით, მონეტიზაცია ცოტა ხნის წინ ჩართო — „დროის ამბავია ეს ყველაფერი“.
მჟავანაძე საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და კითხულობს, რამდენად დამოუკიდებელია ქვეყანა, თუ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტებზეც აისახება.
„თავს რომ იწონებთ იმითი, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან განთავისუფლდითო! შენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს და საქართველოში ყველაფერი, - ბანკი იქნება, მიკროსაფინანსო იქნება, ექვემდებარება ბრიტანეთს?! გეკითხებით, ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო?!
მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი ფული ვერ უნდა აიღო ადამიანმა“? - იკითხა მან.
მჟავანაძის შეფასებით, სანქციები არის „სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ სასურველ პოლიტიკას არ ატარებენ“.
„ერთი წლის წინანდელი [რის გამოც სანქციები დაწესდა] ახლა რატომ გაიხსენეს, ეს არის გაუგებარი“, - თქვა მან.
მჟავანაძე სანქციების დაწესებას აზერბაიჯანთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ პოზიციებსაც უკავშირებს, თუმცა ამ მოსაზრების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება არ დაუსახელებია.