დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - პროფესორების ერთობლივი მიმართვა

03.06.23 00:15
დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - პროფესორების ერთობლივი მიმართვა

"უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაუსაბუთებული ბრალდებები ვრცელდება"- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ განცხადებას ავრცელებენ. 

165 პროფესორი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით, უნივერსიტეტს დაიცავენ. 

"რამდენიმე დღეა, ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებულ დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას. მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში, იმედში, პოსტ ტივისა და რუსთავი 2-ში თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა. ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისთვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან. ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით, დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის". - წერია პროფესორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ დღის პირველ ნახევარში საგანგებო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სახეზეა  უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობა.

საუბარია,  მის და საგანმანათლებლო დაწესებულების წინააღმდეგ სამთავრობო მედიის მირ გავრცელებულ ინფორმაციასზე, სადაც ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, დობორჯგინიძეს ნასამართლეობაში, უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.