შსს-მ დაკავებულებს დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა - საიას ხელმძღვანელი

03.06.23 18:47
შსს-მ დაკავებულებს დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა - საიას ხელმძღვანელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.

ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკას, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსს, ხელისუფლება დამატებით სადამსჯელო მექანიზმად იყენებს.

"გუშინ დაკავებულებს, მათ შორის, ედუარდ მარიკაშვილსს და საბა ბრაჭველს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.  ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა. პარლამენტმა შსს-ს მისცა უფლება, დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის.  ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი 1994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11% -ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა. თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს. 7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს" - წერს ნონა ქურდოვანიძე