ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა ჩვენი ევროპული მომავალი - სალომე სამადაშვილი

07.10.26 17:16
ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა ჩვენი ევროპული მომავალი - სალომე სამადაშვილი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან გაკეთებულ შეფასებებს  ეხმაურება. 

ლიდერის თქმით, მარტო კოსის მიმართვა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას შეეხება უმძიმესი გზავნილია საქართველოსთვის.

ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ "არსებულ მდგომარეობაში ქართული საზოგადოება რჩება სრულიად მარტო და დაუცველი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ".

სამადაშვილი ასევე გამოეხმაურამარტა კოსის განცხადებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პასუხს.

მისი თქმით, ბრიუსელში გაკეთებული შეფასებები „არის განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის“.

„ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიუსელში გაკეთებულ შეფასებებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. საქართველო დღეს მხოლოდ ქაღალდზეა ევროპაში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის განაჩენი, რაც ბრიუსელმა გამოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, როდესაც ევროკომისარმა გაფართოების მიმართულებით, მარტა კოსმა გვითხრა, რომ რეალურად ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის უმძიმესი გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით მარტო, სრულიად დაუცველი რუსეთის წინაშე. ცხადია, რუსეთის წარმომადგენლებს ძალიან უხარიათ შექმნილი ვითარება. ერთობლივი და სრულიად სინქრონიზებული გზავნილით, ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი: ერთი, ბატონი შალვა პაპუაშვილი საქართველოში და მეორე, რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ბატონი კალუგინი მოსკოვში. სრულიად ერთი გზავნილით ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეესაბამება ქართველი ხალხის სუვერენულ ინტერესებს და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ეს ადასტურებს მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ სწორედ რუსეთის დაკვეთით გააუქმა ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მომავალი.

რუსეთის წარმომადგენელ პაპუაშვილს რომ ვუპასუხო, დღეს საქართველოს სახელმწიფო არის ქაღალდზე დარჩენილი ცნება, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტი არის საგარეო სუვერენული პოლიტიკის წარმოება და ეს პოლიტიკა უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას. ივანიშვილის რეჟიმმა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, გააუქმა ჩვენი ევროპული მომავალი და ამას დღეს მიესალმება რუსეთი. ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი რომ არის ევროპა, ეს არაერთხელ დადასტურდა. ივანიშვილმა ქართველ ხალხზე ძალადობით, დარბევით, ძვლების დამტვრევით და, სავარაუდოდ, უცნობი ქიმიური იარაღის გამოყენებით სცადა ჩაეხშო საზოგადოებრივი პროტესტი, მაგრამ ეს პროტესტი გრძელდება.

აქვე მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ გგონიათ, რომ ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ, არ გეხებათ თქვენ. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა შეუძლებელს გახდის, ცხადია, რაიმე პროგრესის მიღწევას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ესეც არის რუსეთის დავალება, რომ ჩვენი ევროპული მომავალი საბოლოოდ გაუქმდეს.

ვისარგებლებ შემთხვევით და ორიოდე სიტყვით გეტყვით, რას გვაკარგვინებს ივანიშვილი. იმიტომ, რომ ევროკავშირმა მიიღო მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გაწევრიანების პროცესის დასრულებამდეც კი წარმატებულ კანდიდატ ქვეყნებს გაუხსნას მთელი რიგი შესაძლებლობები ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, სიკეთეებს რაც შეეხება. ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, ვისარგებლოთ ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა შრომის, ჯანდაცვის, განათლების მიღების შესაძლებლობა ევროკავშირში. ჩვენ ვკარგავთ მილიონობით სტრუქტურული განვითარების ფონდებს, რომ განახლდეს ჩვენი ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, ჩვენ ვკარგავთ უსაფრთხოების ქოლგას. ამიტომ ცხადია და აბსოლუტურად გასაგებია, ვინმე კალუგინი რატომ მიესალმება იმას, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირის მოკავშირე.

გუშინ გაკეთებული შეფასებები ბრიუსელში ეს არის განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის, იმიტომ რომ სწორედ სახელმწიფოებრივი საბოტაჟის აქტია ჩვენი ევროპული მომავლის გაუქმება და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებას. აუცილებლად დადგება დრო, როცა მათ მოუწევთ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა გუშინ თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

  • „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა", - განაცხადა მარტა კოსმა.

თავის მხრივ, ევროკომისრის პოზიციას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო". 

მსგავსი სიახლეები