თანამშრომლებმა წააქციეს და ურტყეს, აქვს დაზიანებები - „რეტროს“ მფლობელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს
რესტორან "რეტროს" მფლობელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - თეიმურაზ ვარშანიძეს ადვოკატი ამბობს, რომ რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმტანზე არ უძალადია. იურისტის ცნობით, თავად რესტორნის მესაკუთრე გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი თანამშრომლების მხრიდან.
ლევან მახარაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას.
კონფლიქტის მიზეზი გახდა იმ თანხის განაწილება, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ.
"კადრებში ჩანს, რომ თემური აძევებს თანამშრომელს დარბაზიდან, რასაც წინ უძღვის სიტყვიერი დაპირისპირება. დაკავებული ხელით უბიძგებს (თანამშრომელს) რომ დატოვოს შენობა. ამის შემდეგ არის კადრები, რომელიც მაყურებელს არ უნახავს. სადაც ჩანს, რომ ჯერ ურტყამენ თემურს, ის ძირს ეცემა და წაქცეულს ურტყამს რამდენიმე თანამშრომელი. ქალების კივილიც ზუსტად დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ მას ურტყამენ.
ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს. რაც შეხება თავად ბრალდებულის დამნაშავეობას, ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, -განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს.