ღარიბაშვილი გერმანიაში დაიბარეს

05.06.23 16:02
ღარიბაშვილი გერმანიაში დაიბარეს

საქართველოს პრემიერი გერმანიაში დაიბარეს. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერს,  ოლაფ შოლცს ცხრა ივნისს ბერლინში უნდა შეხვდეს.

წინასწარი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები იქნება.

„დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდება საგარეო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევებზე, ასევე - ეკონომიკური პოლიტიკის თანამშრომლობის საკითხებზე“, - აცხადებს შოლცის პრესსამსახური.

გერმანიის კანცლერის პრესამსახურის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ იგეგმება.

ამასთან, დღეს საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა ბუნდეს-ტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ.

"ლელოს" ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა გაიგოს პარტნიორების გზავნილები და უნდა შეწყვიტოს ის "გაუგებარი" პოლიტიკა, რომელსაც დღემდე აქტიურად აწარმოებენ.

"ევროპა ყველა გზით და საშუალებით ცდილობს დაგვანახოს, რომ საქართველო წარმოუდგენია ევროპის ნაწილად. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაინახოს საქართველოს მთავრობამაც, ამიტომ ბატონ ღარიბაშვილს, რაც მეტ დედაქალაქში მოუწევს სტუმრობა მით მეტად დაინახავს, რომ სხვა გზა ამ ქვეყნისთვის არ არსებობს და უნდა შეწყვიტონ ის გაუგებარი პოლიტიკა, რომელსაც დღემდე აწარმოებენ" - ამბობს, დავით უსუფაშვილი.