კოალიცია უნდა გვქონდეს ივანიშვილის წინააღმდეგ - ირაკლი ნადირაძე

05.06.23 17:36
კოალიცია უნდა გვქონდეს ივანიშვილის წინააღმდეგ - ირაკლი ნადირაძე

 "ყველა პროდასავლური პარტია უნდა ვიყოთ ერთიანები და ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ და კოალიცია უნდა გვქონდეს ივანიშვილის წინააღმდეგ"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც პარტიის თავმჯდომარის ინიციატივას გამეეხმაურა. 

საუბარია, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც "ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს". 

ნადირაძის თქმით, ერთიანობა ერთ პარტიად ჩამოვყალიბებას არ ნიშნავს: 

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ პარტიად ჩამოვყალიბდეთ, ერთიანი სია დავწეროთ. მიხეილ სააკაშვილი არის ის სასურველი ადამიანი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას, რომელიც სჭირდება ამ პარტიას, რომელიც სჭირდება უკრაინას და არამარტო ქვეყნის შიგნით, უკრაინაშიც მის სიაში ყოფნას ძალიან ბევრი ადამიანი ინატრებდა. ვიცი ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი" - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

რამდენიმე დღის წინ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მათთან უნდა ისაუბროს ყველამ.

"ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.