საქართველოს მთავრობა: ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები მარტივდება
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები მარტივდება.
ამასთან, მისი თქმით, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე, შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითიც დრო და რესურსი დაიზოგება. წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად.
იმ შემთხვევაში, თუ მას დადებითი შედეგი ექნება, ეს ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება". - განაცხადა ბრეგაძემ.