უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება - რატომ შევიდა საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“
კაზინო "აჭარა" ამ დრომდე სამართალდამცველების კონტროლის ქვეშაა. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცოტახნის წინ, ობიექტიდან სალარო აპარატები გამოიტანეს, შენობიდან ნივთები ტომრებით გამოაქვთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "პირველებს" უდასტურებს, რომ კაზინო "აჭარაშია" შესული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს (ჩატარდა) შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
„საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.