ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ ასეთი გონორით ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს თავი დაანებოს - ირაკლი კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, ოპოზიციურ პარტიებთან "გონორით" საუბარს თავი დაანებოს.
ირაკლი კუპრაძე ენმ-ს თავმჯდომარის ახალ ინიციატივას გამეეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს" და "მათთან უნდა ისაუბროს ყველამ".
კუპრაძე ამბობს, რომ ენმ-ს "უმძიმესი დანაშაულების" გამო 11 წელია, ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა".
"ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ ასეთი გონორით ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს თავი დაანებოს მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს ხელისუფლებაში გვყავს ქართული ოცნება და ნაციონალურ მოძრაობას აქვს უმძიმესი შეცდომები თავის დროზე დაშვებული, ამიტომაც არის მეთერთმეტე წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ამის გააზრება პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას მართებს და თუ რამის გასაღები უნდა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, აჯობებს მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები ეძებონ, მოიპოვონ და მიხედონ იმ საქმეს, რაც მათ ევალებათ" - ამბობს ირაკლი კუპრაძე.