საარჩევნო რეფორმა - საკითხზე დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ
სადავო საარჩევნო რეფორმაზე დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. კანონპროექტის განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც იგეგმება, მომავალ კვირაში კი მას პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ.
დოკუმენტი რეკომენდაციისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ახალი დოკუმენტის თანახმად ცესკო-ში ოპოზიციის წარმომადგენლობა იზრდება. ასევე, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ხმის მიცემის პროცესს გააკონტროლებს და ფაქტობრივად, გაყალბების შესაძლებლობას გამორიცხავს.
იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ადამიანური ფაქტორით მანიპულაცია, შემოგვაქვს ტექნოლოგიები. ტექნოლოგიები შემოგვაქვს სახის ამომცნობის ნაწილში, ბარკოდირებული ბიულეტენების ნაწილში, რომ მოპარვა არ მოხდეს და გატანა ამ ბიულეტენის და ტექნოლოგია შემოგვაქვს ხმების დათვლის ნაწილში - მაღალი რეზოლუციის კამერების დამონტაჟება. აი. ეს არის პირობები, ეს არის რეალური საქმე, რაც შექმნის გარანტიას, რომ ნაკლებად გაყალბდება არჩევნები, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსი ვერ იქნება იმის გარანტი, რომ შემდეგი არჩევნები გაყალბების გარეშე ჩაივლის. მათი თქმით, აქ გადამწყვეტ როლს „ქართული ოცნების“ ნება თამაშობს.
გაყალბების მექანიზმი თავიდან ბოლომდე ვერ იქნება აცილებული და ჩემი პოზიცია იცით, რომ შესაძლებელი იქნებოდა ალბათ რაღაცა უფრო მეტის გამოწიწკვნა. ეს უნდა იყოს ცვლილებებეი, რომელმაც უნდა შეძლოს, ის სტანდარტი რომელზეც საუბრობედნენ, თუნდაც ხელმომწერი ოპოზიცია და ჩვენი ევროპელი მეგობრები, - ამბობს ‘ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე, შეთანხმების აქტზე ხელმომწერ ოპოზიციას ურჩევს, „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და მათი მხრიდან ოდნავი გადაცდომის შემთხვევაშიც კი, საქმეში მეთვალყურეები ჩართონ.
ხელმომწერ პარტიებს მოვუწოდებ, კეთილი ინებონ, თავიანთი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრონ და როგორც კი „ქართული ოცნება“ თუნდაც მინიმალურად გასცდება შეთანხმების ფარგლებს და შეთანხმების სულისკვეთებას, ატეხონ განგაში და მეთვალყურეები ჩააყენონ საქმის კურსში. მე ძალიან არ მომწონს, როდესაც ბატონი ჰარცელი აკეთებს განცხადებას, რომ ერთი თემა დაიხურა, საარჩენო კოდექსზე შევთანხმდით, ჯერ არ ვიცით შევთანხმდით თუ არა, - ამბობს აკაკი ბობოხიძე.