ოპოზიცია გაუაზრებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი კანონპროექტის ინიცირებას აპირებს - ,,ოცნება"

21.05.21 14:11
ოპოზიცია გაუაზრებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი კანონპროექტის ინიცირებას აპირებს - ,,ოცნება"

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მორიგი ტალღა მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპონენტებს შარლ მიშელის დოკუმენტის ინტერპრეტაცია სურთ, რადგან შეთანხმების დოკუმენტი მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერებას არ ითვალისწინებს. ,,ქართული ოცნება" არ აპირებს, დასავლელი პარტნიორების უშუალო მითითებების გარეშე ოპოზიციის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. 

,,ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ და ოპოზიციის სუბიექტური მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

 გვაქვს ინტენსიური და ახლო კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ისინი რასაც ფიქრობენ, პირდაპირ წერენ, რადაგან იქ წერია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა უნდა გაგრძელდეს, ვიმეორებ, გაგრძელდეს და არა დაიწყოს, შესაძლოა, სუბიექტური შეხედულებები არსებობს გარკვეულ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს პარტნიორებს აქვთ იდენტური პოზიციები - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ალუდა ღუდუშაურის ინფორმაციით,  ოპოზიცია სამართლებრივი ნორმებიდან ამოვარდნილი კანონპროექტის ინიცირებას ცდილობს. 

ოპოზიციის მხრიდან დავინახეთ ყოვლად გაუგებარი, გაუაზრებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი და სამართლებრივ ნორმებთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მყოფი კანონპროექტის დაინიცირების მცდელობა. რეფორმა რომ გაგრძელდეს, ამას სჭირდება დინამიური განვითარება,  არა ისეთის, როგორც ქალბატონა ნაცვლიშვილმა ბრძანა, შეაჩერეთ ეს სასამართლოში საქმის წარმოება და ზეგ მოვიფიქრებთ, როგორ გავაგრძელოთო, ეს აბსურდია - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.  

მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს დაჩქარებული წესით გაიმართება, სადაც იუსტიციის 4 მოსამართლე წევრი შეირჩევა. ოპოზიცია აცხადებს, რომ კონფერენცია არ უნდა გაიმართოს და მართლმსაჯულების სისტემაში კლანური მმართველობაა.