"ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი მხარდამჭერები მიიღებენ" - ენმ ციფრულ მმართველობაზე გადადის
ენმ ციფრულ მმართველობაზე გადადის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პარტიის კაბინეტებში აღარ მიიღება. ამის შესახებ ენმ-ს თავმდჯომარემ განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ამიერიდან პარტიაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხარდამჭერები ელექტრონული ფორმით მიიღებენ.
"გვინდა, რომ გადავიდეთ ციფრულ მმართველობაზე, რაც გულისხმობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ჩვენი მხარდამჭერების მიერ. მძიმე, მტკივნეული რეფორმები ტარდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ის დრო, ის პერიოდი, როდესაც კაბინეტებში იღებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებები ,წარსულს ჩაბარდა. ყველა კონკურენციას, ცხადია, ახლავს ე.წ. დამარცხებული ფლანგები. კონკრეტული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები ამას მძიმედ და მტკივნეულად იღებენ, - ამბობს "ენმ"-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტი შიდაპარტიული ცვლილებების და დემოკრატიის გაჯანსაღების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს აწვდის. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ღონისძიებაზე ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჰყავს მიწვეული.
არის გარკვეული წრე ადამიანების, ვინც იქნა დაპატიჟებული. აქ არის თავმდჯომარე, სამდივნოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე, როგორც საელჩოს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამბობს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე პეტრე ცისკარიშვილი.