დიპლომატები სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოში დანიშვნების შეჩერებას ითხოვენ

22.05.21 14:03
დიპლომატები  სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოში დანიშვნების შეჩერებას ითხოვენ

დიპლომატიური კორპუსი სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის  შეჩერებას მოითხოვს, ამის შესახებ იმ წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში აკრედიტირებულმა ელჩებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას გაუგზავნეს. 

წერილში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უფრო მეტად გამჭირვალე უნდა იყოს. 

გვინდა დავიწყოთ იმით, რომ მივესალმებით თქვენ მიერ ვალდებულების აღებას, შესრულდეს 19 აპრილის შეთანხმება, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საკითხში ოპოზიციის ჩართულობის კუთხით. თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია.19 აპრილის შეთანხმებით მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ გაატარებენ ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას.

პარტიები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებდნენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და გაატარებდნენ რეფორმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურებების, დისციპლინური ზომებისა და აპელაციების კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მართლმსაჯულების რეფორმის გატარების ინკლუზიურ პროცესზე და საერთაშორისო დახმარებისა და რჩევების მიღებაზე ამ რეფორმების გატარების დროს, განსაკუთრებით მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში, მათ შორის იმ მოსამართლეებისა, რომლებიც ინიშნებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.

19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს აკისრია გადამწყვეტი როლი იმ საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტულად დასახვაში, რომლებიც სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს ეხება. 

მათი მიღების დროს შეიძლება გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაწეული რჩევები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. 

შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.

მეტიც, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ უნდა იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე. 

 როგორც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერება გამოაჩენს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში. 

ჩვენი მხრივ, მზად ვართ, დაგეხმაროთ რეკომენდაციებით და რჩევებით, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, მათ შორის, მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში",  - აღნიშნულია დიპლომატების გაგზავნილ წერილში. 

მსგავსი სიახლეები