არ მაინტერესებს - წილოსანი ფარულ ჩანაწერებზე
არ მაინტერესებს - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს.
მისი თქმით, ინტერნეტში გავრცელებული ყველა მასალა აპრიორი ფაქტი არ არის.
"ინტერნეტში გავრცელებული ყველა მასალა ჩემთვის არ არის აპრიორი ფაქტი, აქედან გამომდინარე, იუთუბზე გავრცელდა, რომელიღაც თქვენმა ტელევიზიამ გადააშეარა, რაღაცა დამატებით დაამატა თქვენი ვერსია, ააგორა კამპანია თუ რა გააკეთა, ეს არანაირად არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ მე ვარ საზოგადოების უმრავლესობის არჩეული ადამიანი, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ემსახურება ქვეყნის საზოგადოებრივ ინტერესებს, - ამბობს ნინო წილოსანი.
ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.
მოგვიანებით ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას კი პირადად უგზავნის.