მინსკში ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, რომან პროტასევიჩი, დააკავეს
ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით აფრენილი თითმფრინავი სამხედრო გამანადგურებლის დახმარებით ბელორუსში დაეშვა. მიზეზი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანება იყო, რომლის მიხედვითაც ბორტზე მყოფი ბელარუსი აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავეს.
ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი, ამბობს, რომ მინსკში სიკვდილით დასჯა ემუქრება.
რომან პროტასევიჩი ოპოზიციური მედიის, NEXTA-ს, ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი სააგენტო ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას აქტიურად აშუქებდა. ბელორუსი აქტივისტი და ჟურნალისტი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ არაერთ საპროტესტო აქციას კოორდინირებდა.
პროტასევიჩს გასული წლის ნოემბერში ლიეტუვაში გაქცევა მოუწია. ის BBC-სთან საუბარში ამბობდა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ცნობილია, ასევე, რომ ტელეგრამ-არხი NEXTA და მისი ლოგოტიპი ბელარუსის ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.