რიონის მცველების ულტიმატუმის ვადა იწურება - ხელისუფლება ამ დრომდე დუმს

24.05.21 11:18
რიონის მცველების ულტიმატუმის ვადა იწურება - ხელისუფლება ამ დრომდე დუმს

ახალი კარვების ქალაქი თბილისში - ულტიმატუმის ვადა იწურება. ხელისუფლებას რიონის მცველების მოთხოვნების შესასრულებლად ზუსტად ერთი საათი რჩება.  იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან და მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუმცა პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. 

ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ იმიტომ, რომ არის სამართლიანი და არგუმენტირებული. პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ. ამიტომ, 12 საათისთვის ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. სამთავრობო უწყებებთან მივალთ, თუ გზას გადავკეტავთ, კონკრეტიკას არ ვაკეთებთ, - ამბობს აქციის ორგანზიატორი, ვარლამ გოლეთიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დრომდე რიონის მცველებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. პირველი ოფიციალური კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, გააკეთა. მისი თქმით, ესმით გულანთებული ადამიანების პროტესტი, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. 

მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, რას ითხოვს ეს ხალხი, რომელიც აპროტესტებს და მართლა იყო დიდი რაოდენობით შეკრებილი და იყო გარკვეული მოწოდებები, რომელიც აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია. არ არის სწორი ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს არ წაადგება საქმეს. არ ვიცი, ამ პროცესში ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია, - ამბობს კუჭავა. 

ხელისუფლების პასუხი და აქციის მონაწილეების ქმედება ცნობილი 12 საათისთის გახდება. 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებს სამი მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული კონტრაქტი, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და გამოცხადდეს მორატორიუმი. 
 

მსგავსი სიახლეები