ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი - პრემიერი "რიონის მცველებს" "გონიერებისკენ უხმობს"
სახელმწიფოს კანონის მიღმა გადასვლაზე რეაგირება ექნება - ასეთის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მოთხოვნაზე.
ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. ჩვენ კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი 90-იანი წლები, როდესაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო "ძალიან კარგი სპეციალისტი". შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ქარხნები...
ღარიბაშვილმა სამთავრობო ტრიბუნიდან დედაქალაქში შეკრებილ აქტივისტებს "გონიერებისკენ" მოუწოდა:
მინდა, ამ ადამიანებს მივმართო, მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,რიონის მცველების" საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს:
ჩვენ შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე, გუბერნატორი, მთელი სამინისტრო ჩართული იყო და არის. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ, დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და ყველა დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს, ამას გარდა მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობის საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს", - თქვა ღარიბაშვილმა.