აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია ივლისამდე გადადოს და იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეწყვიტოს.
მეტიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასთან თანხვედრაში არ არის.
გასაკვირი არ არის, რომ სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობები. ეს ნამდვილად იყო 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტიც. ვფიქრობ, ქართველებს ახსოვთ 1990-იანები, ჯერ კიდევ არიან სპეციალური ინტერესები, რომლებსაც არ სურთ უფრო დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში...
ვნახეთ კარგი პროგრესი სასამართლო რეფორმის პირველი და მეორე ტალღის ფარგლებში. ზოგი მნიშვნელოვანი ელემენტი, მეოთხე და მესამე ტალღისთვის არ შევიდა კანონის საბოლოო ვერსიაში, ეს იმედგაცრუება იყო. მაგრამ ვნახეთ, რომ არის ინტერესი შეთანხმების იმპლემენტაციაში და მოლაპარაკების სურვილი",- თქვა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, აშშ მზადაა, ისევე როგორც წარსულში, მხარი დაუჭიროს საქართველოს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა არ მოდის თანხვედრაში 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასთან, რომლის ფარგლებშიც პარტიები დათანხმდნენ მნიშვნელოვან რეფორმებზე უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევასის, დანიშვნის და დაწინაურების საკითხში, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის. ეს დანიშვნები უნდა გაკეთდეს ახალი, რეფორმირებული სისტემის ფარგლებში, რომელიც იქნება მხარეების დებატების შემდეგ"- თქვა დეგნანმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა.