ამნისტია უნდა შეეხოს ყველას უპირობოდ - მმართველი გუნდი

25.05.21 11:55
ამნისტია უნდა შეეხოს ყველას უპირობოდ - მმართველი გუნდი

ვის უნდა შეეხოს ამნისტია - „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაითვალისწინონ ოპოზიციის შენიშვნები. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ მათი  კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია. 

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის, თქმით, უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად უფრო დახვეწილია.

შალვა შავგულიძის პროექტი ითვალისწინებს ამნისტიას მხოლოდ ,,ნაცმოძრაობის" ლიდერისათვის. ეს არის პრინციპი და არსი ამ თემის და არა ის პათოსი, რითაც არის გამსჭვალული და შედგენილი ის დოკუმენტი, რომელსაც ყველამ ხელი მოვაწერეთ. ფაქტია, რომ საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს შეთანხმებებს, მათ შორის, თუნდაც ამ ამნისტიის საკითხზე. გარდა ამისა, სამართლებრივად დახვეწილია ის დოკუმენტი, რომელიც უმრავლესობამ შესთავაზა პარლამენტს, - ამბობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი. 

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის, თქმით, ამნისტია უპირობოდ ყველას უნდა შეეხოს.

ოპოზიციის პოზიცია ის არის, რომ ამნისტია უნდა შეეხოს მარტო მელიას და  ჩვენი პოზიცია არის ის, რაც არის ასახული შარლ მიშელის დოკუმენტში. ამნისტია უნდა შეეხოს ყველას და ამნისტია უნდა შეეხოს ყველას უპირობოდ. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ამას და ამავდროულად, ჩვენი კანონპროექტით არ შეეხება ამნისტია იმ პირებს, ვისაც საერთაშორისო კონვენციის მუხლები აქვს დარღვეული, - ამბობს ქადაგიშვილი.