ოპოზიციას შეთანხმების შესრულება "ქართული ოცნების" ხარჯზე სურს - თალაკვაძე
ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის უკმაყოფილებას „ქართულ ოცნებაში“ ეხმიანებიან. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით აღებულ პასუხისმგებლობას გაურბის. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს აღნიშნული შეთანხმების აქტის შესრულება მმართველი გუნდის ხარჯზე სურთ.
შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია 20 ივნისის მოვლენების, ეს იყო ოპოზიციასთან ევროკავშირის მიერ შეთანხმებული პირობა და არა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, ან ჩვენი რედაქციით მოცემული პუნქტი ამ შეთახნმებაში. ოპოზიციამ ამას მოაწერა ხელი, შესაბამისად, დღეს განსხვავებული ინტეპრეტაციები და თავის მართლება ამასთან დაკავშირებით მიუთითებს პასუხისმგებლობის პრობლემაზე. ოპოზიციას ერთის მხრივ, სურს შეთანხმების შესრულება, მაგრამ სურს „ქართული ოცნების“ ხარჯზე. თუ ოპოზიცია დღეს გახლავთ იმ გადაწყვეტილების მომხრე, რომ ეს ამნისტია არ სჭირდებათ და ისინი უარს აცხადებენ ხელმოწერილ დოკუმენტზე, ამის გამბედაობაც უნდა ეყოთ გამოვიდნენ და ეს უნდა თქვან ღიად და საჯაროდ, - ამბობს თალაკვაძე.