ჩნდება კითხვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით - მესამე სექტორი

09.03.21 15:44
ჩნდება კითხვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით - მესამე სექტორი

პროკურატურის მიერ კერძო საუბრის უნებართვოდ მიყურადების მუხლით დაწყებულ გამოძიებას მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მუხლის გადაკვალიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობენ და შოთაძის უწყებას „ოცნების“ დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ.

საია-ს წევრის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, აუიდიოჩანაწერი, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასაჯაროვდა, სავარაუდო დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავს, რაც პროკურატურის გამოძიების საგანი უნდა ყოფილიყო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ გვეუბნება, რომ დანაშაულთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებისთანავე გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულები არიან, რომ დაიწყონ გამოძიება. მათ შორის, ეს ინფორმაცია კანონით პირდაპირ არის ამაზე ხაზგასმა გაკეთებული, შეიძლება მედიის საშუალებითაც კი გახდეს მათთვის ცნობილი. აქ გახდა ცნობილი სავარაუდო ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ასევე, შეიძლება ყოფილიყო ინფორმაცია სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუ დადასტურდებოდა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია იმ დროს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმყოფებოდნენ თანამდებობებზე, - ამბობს სიმონიშვილი.

სიმონიშვილს გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

რაც შეეხება იმას, რომ შინაარსთან დაკავშირებით პროკურატურას არაფერი გაუკეთებია, აქ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს გამოძიების დამოუკიდებლობასთან და ობიექტურობასთან და დაკავშირებით. არ გვქონდა ფაქტობრივად იმედი იმის, რომ გამოძიება იქნებოდა  ობიექტური და დღევანდელმა პროკურატურის აი, ამ მოქმედებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ეჭვები, - ამბობს სიმონიშვილი.

მესამე სექტორში ასევე, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გამოძიება მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ გახდეს, ვინაიდან მედიას მსგავსი ინფორმაციის გავრცეელების სრული უფლება აქვს.

ობიექტური გამძიების იმედი არც ოპოზიციას  აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ პროკურატურა საქმეს სხვა საქმეების მსგავსად თაროზე შემოდებს.