ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო - თალაკვაძე სააკაშვილზე

03.07.23 18:19
ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო - თალაკვაძე სააკაშვილზე

ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომ საშუალება მისცენ მონაწილეობა მიიღოს დებატებში.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან.

„სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო. ის პატიმრობაშია და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული.

მინდა შევახსენო ოპონენტებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო 2 გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით და ამით ყველაფერი ნათქვამია - არავითარი პოლიტიკური დებატები და განმარტებები ამას აღარ სჭირდება. 

სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ სპეკულაციები, რაც სააკაშვილის გარემოცვისგან იყო სახელმწიფოს მიმართ, იყო უსაფუძვლო. მე მინდა, პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ ყველა პირს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ვუსურვო ჯანმრთელობა და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პატიმრების უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

მის გარემოცვას მინდა მოვუწოდო, მილიონების ხარჯვა სპეკულაციების სიმართლედ გადაქცევაში, სახელმწიფოს დადანაშაულება იმაში, რაც არ მომხდარა და ეს სტრასბურგმა დაადასტურა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი და ეს არის სახელმწიფოს და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რასაც თავად ამტკიცებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით სხვა ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში და სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს წარსულში, საპატიმრო დატოვეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობით, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ სამედიცინო სამსახურთან და იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ პირს სჭირდება ჯანმრთელობის დაცვისთვის,“ - განაცხადა თალაკვაძემ.