2024 წლისთვის მივიღებთ პარტიულ ცესკოს - გიორგი სიორიძე
"2024 წლისთვის მივიღებთ პარტიულ ცესკოს" - ასე აფასებს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტს უფლებები ქართულმა ოცნებამ შეუზღუდა და ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
ვეტოს დაძლევით, ხელისუფლებამ სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა ცესკოს ერთპარტიული ოკუპაციისათვის, ამიტომაც 2024 წელს, პრაქტიკულად, პარტიულ ცესკოს მივიღებთ. წინასწარმეტყველების ნიჭი არ სჭირდება იმას, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება: პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის 1 ვაკანსიაზე კანდიდატებს უახლოეს პერიოდში გამოიტანენ კენჭისყრაზე, ჩააგდებენ მათ და სასწრაფო წესით, უკვე 5 წლით აირჩევენ ვადაგასულ მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს. ყველანაირი ახალი კონკურსი იქნება ფარსი და ფორმალობა, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცხადებული აქვთ, ვინც იქნება მათი რჩეული: ცვლილებების მიღება ხომ იმ არგუმენტით ახსნეს, რომ კონკრეტული პირების აურჩევლობამ ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. ამიტომ, ამ პირების არჩევის გზაზე კანონის ცვლილებაც კი მხოლოდ რიგითი საშუალებაა. ბუნებრივია, მთავარი მიზანი 2024 წლის არჩევნების სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა. ცესკოს პირადი შემადგენლობა, უმეტესწილად, იგივე დარჩება, ოღონდ ამის ფასი 12 პუნქტიანი გეგმის დარღვევა და ინსტიტუციური დემოკრატიის დასამარება იქნება, რაც არჩევნების მიმართ ნდობაზე უარყოფითად აისახება და უდიდეს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს საარჩევნო ადმინისტრაციას. თუმცა, წინა ხელისუფლების დროსაც გვახსოვს მიკერძოებული და ერთპარტიულად ოკუპირებული საარჩევნო ადმინისტრაცია. ამიტომაც, მოვუწოდებ ყველას, ისწავლონ წარსულის გაკვეთილებიდან!,“ - აცხადებს გიორგი სიორიძე.