ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელია - "ოცნების" პირველი რეაქცია უკრაინის დიპლომატიურ დემარშზე
ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელია - "ოცნების" პირველი რეაქცია უკრაინის დიპლომატიურ დემარშზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით შეურაცხყოფის ნიშნებს შეიცავს ისიც, როდესაც უკრაინის ხელისუფლება, რომლის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში, ითხოვენ მესამე პრეზიდენტის უკან გაბრუნებას.
"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავრობის სურვილია თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩნენ უკრაინის ხელისუფლებასთან.
"რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ომის მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია.
შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ როგორც თავადვე აღიარეს შემდეგ, ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როცა იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. მე არ მინდა ამაზე ღრმად შევიდე, ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან იმიტომ რომ ეს ქვეყანა დღეს ომის მდგომარეობაშია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.