ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენელი გვეუბნება, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს, სახელს ვერ ვიტყვი - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები მათთან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წევრებს ეუბნებიან, რომ ყურადღება არ მიაქციონ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.
ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი.
"ტვ პირველის" ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, კობახიძემ არ დაასახელა კონკრეტული მაღალჩინოსანი, ვინ უთხრა მმართველ პარტიას მსგავსი რამე.
"დახურული შეხვედრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტან"- უთხრა მან ჟურნალისტებს.
ჩვენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ჩვენ ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს. ჩვენი პასუხი ამაზე რა არის, რომ ხალხს აუხსენით მაშინ. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელი.
... ვერ ვიტყვი დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე. პირდაპირ, ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის", - თქვა კობახიძემ.