კობახიძის მუქარა "რიონის მცველებს"- ხელისუფლება აქციის დამფინანსებლების ვინაობის გასაჯაროებით იმუქრება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ირწმუნება, რომ„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია "დიდი ფულით არის დაფინანსებული". მმართველი პარტიის თავმჯდომარე რიონის მცველების დაფინანსების უკან კომერციულ და პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.
მეტიც, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგებს დაემუქრა, რომ თუ აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მათ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას სახელმწუფო გააკეთებს:
ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს, თბილისის პარალიზება აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი იყო, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, არასწორი ნაბიჯის გამო, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია.
რაც შეეხება მართვას, ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის.
როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ"- თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, გამოძიებაზე საუბარი არ არის, თუმცა კობახიძე აღნიშნავს, რომ როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ამის შესწავლა შეიძლება.
ეჭვების დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით, თუმცა, ეჭვებზე საუბარს ჯობს, დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით მივაწოდოთ საზოგადოებას. ეს არის სხვა ორგანოების ფუნქცია, მე შემიძლია, მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ აშკარად იკვეთება ფინანსური-კომერციული- პოლიტიკური ინტერესები, ამის გამო იდება საკმაოდ დიდი ფული ამ აქციებში"- აღნიშნა მედიასთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გუშინ, აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით ორჯერ ითქვა ტყუილი.
ერთხელ ითქვა, რომ თითქოს, წვრილმანი თანხებით აგროვებენ ისინი ხელში ათეულობით ათას ლარს, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია, ეს შეუძლებელია რომ მობილიზებული იყოს ასეთი რესურსით, წვრილმანი შემოწირულობით, ყოველდღიურად ათეულობით ათასი ლარი, მერე დაკორექტირდა ეს მესიჯი - ემიგრანტების გადმორიცხვა, ეს იყო მეორე ტყუილი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.