გახარიას გუნდი - გადაწყვეტილებამდე 4 თვით ადრე, შესასრულებელი 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ მინიმუმ 12 ტყუილი

04.07.23 14:54
გახარიას გუნდი -  გადაწყვეტილებამდე 4 თვით ადრე,  შესასრულებელი 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ მინიმუმ 12 ტყუილი

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე 4 თვით ადრე,  შესასრულებელი 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ მინიმუმ 12 ტყუილი - ასე შეაფასა  პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებები რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.  

მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას და ამით ალიბის შექმნას პასუხისმგებლობისგან გაქცევისთვის.
 
მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი მანიპულაციების საშუალებთ, საზოგადოების ყურადღება კვლავ მიმართოს სტატუსის მიღებაზე, იგი ხელოვნურად აუფასურებს ხალხის მთავარ ამოცანას, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებით მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება.  ეს არის დღევანდელი სპექტაკლის მთავარი მიზანი - ფაქტები - გასაღდეს შეფასებებად, ფაქტებზე - გაიხსნას დისკუსია და შემდეგ, საზოგადოებამ ხელისუფლებას მოთხოვოს პასუხი სტატუსის ვერ მიღებაზე, ან ჩაუთვალოს მას ეს გამარჯვებად - როცა ხელისუფლება უკვე გაწევრიანებების მოლაპარაკებებს უნდა ახორციელებდეს” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

მისი თქმით, შესრულდა სამი რეკომენდაცია და ხელისუფლებამ მიიღო სამიანი მინუსით. ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ კობახიძე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციები შესრულდა.

“ფაქტი და არა შეფასებაა, ის რომ შესრულდა 3 რეკომენდაცია და ხელისუფლებამ მიიღო სამიანი, ისიც მინუსით - ამ დავალებაში. ფაქტია ის, რომ მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის და ა.შ. რეკომენდაციები შესრულდა მაშინ, როცა:
 
• დამოუკიდებელი ინსტიტუტები გააუქმეს ან პარტიას დაუქვემდებარეს; იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ განახორციელეს - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შეასრულეს;
• საბჭოში სანქცირებული მოსამართლეები ჰყავთ, რომელთა კორუფციის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვეს;
• ანტიკორუფციულ ბიუროს მთავარი - საგამოძიებო ფუნქცია არ მიანიჭეს;
• დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ აირჩიეს;
• დეოლოგარქიზაციის ისეთი კანონის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვენეციის კომისიის შეფასების მიხედვით, არ უნდა იქნას მიღებული და სხვ.
• თითქოს გააძლიერეს საპარლამენტო ზედამხედველობა - თუმცა ვერც კი ბედავს ქოლ-ცენტრებზე ან სასამართლოზე შექმნას საგამოძიებო კომისია.
 
ამ პირობებში - კობახიძე რეკომენდაციების შესრულებად აცხადებს.
 
პარტია „საქართველოსთვის“ პირველივე დღიდან მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, სადაც რეკომენდაციების რეალური შესრულებისკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივები წარვადგინეთ, რომელთაგან ოცნებამ არც ერთი გაითვალისწინა. ეს მოცემულობა კვლავაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი შეასრულოს მთავარი დაკვეთა გააწევრიანოს ქვეყანა ევროკავშირში და როგორც ჩანს მიზანმიმართულად კარგავს ამ უპრეცედენტო შესაძლებლობას. ამის პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და ჩვენგან და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისგან მიიღებს შესაბამის პასუხს” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.