მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას - კობახიძე
"როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას," - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის კადრების გასაჯაროებას.
ირაკლი კობახიძე გუსინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე ვანო მერაბიშვილს.
როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას. ვიღაცები არწმუნებენ ადამიანებს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. სხვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუ სხვა ტიპის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება, არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და ასევე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა წარმოაჩინონ სამოქალაქო აქტივიზმად, თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ აგრესიის წამახალისებელი და პოლარიზაციის წამახალისებელი განცხადებები. როდესაც ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ნაგვის ურნის თავზე დამხობა, გინება და ა.შ. არის წარმოჩენილი როგორც სამოქალაქო აქტივიზმი, ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში, რაც ამ ქვეყანას არ სჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.