(ზელენსკის) განცხადება ჩემთვის სრულიად მიუღებელია - რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის თქმით, მისთვის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება მიუღებელია. საუბარია, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა.
ეს განცხადება პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია. იმიტომ, რომ აქ არცერთი მტკიცებულება მოყვანილი არ არის. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამ რეგიონში სადმე ადამიანის უფლებები დაცულია, განსაკუთრებით კი პენიტენციურ დაწესებულებებში, ლიდერი ნამდვილად საქართველოა". - თქვა ბრეგაძემ.
მისი თქმით, "არ აქვს მნიშვნელობა", ვინ იქნება, საქართველოს აქვს "ღირსება" და "განუხრელად იცავს" ადამიანის უფლებებს:
ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმაზე, რა არის წამება - ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ გამუდმებულ რეჟიმში იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ისა არის წამება, რომ 2 300-მდე ვიზიტორი ჰყავდა, თუ ის არის წამება, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ. ადრეც იყო მსგავსი განცხადება და იმაზეც გვქონდა ანალოგიური რეაქცია, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ ვიცავთ განუხრელად ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან ვერ მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში, სწორედ ამ სიტუაციაში განსაკუთრებით სამწუხაროა ეს განცხადება", - თქვა ბრეგაძემ.