გამოიყოლოს თუთიყუში პრემიერი და "კაგებეშნიკი" კობახიძე - ხაბეიშვილის შეთავაზება ივანიშვილს
ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ბიძინა ივანიშვილს - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მმართველი პარტიის არაფორმალურ ლიდერს მოსახლეობასთან შეხვედრისკენ და განწყობების ანალიზისკენ მოუწოდებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოსახლეობისგან შეხვედრის და ივანიშვილმა უნდა შეადაროს, როგორ შეხვდებიან ოლიგარქს და როგორი დამოკიდებულება ექნება ამომრჩეველს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.
თუ ევროპული პერსპექტივა გვინდა, მთავარი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ციხეშია და იქიდან არის მთავარი პოლიტიკური აქტორი, მოდი აბა, მივცეთ მართლა ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობა, მის ხალხს 11 წლის მერე ხელი ჩამოართვას, ასეთ მდგომარეობაში მყოფმაც კი. ხომ არის ჯანღონით სავსე და ბევრი სტაფილო ხომ აქვს ნასვამი და ბევრი ვიტამინი ხომ აქვს ბიძინას მიღებული, თავის თუთიყუში გამოიყოლოს - ღარიბაშვილი, "კაგებეშნიკი" კობახიძეც მოიყოლოს და ნებისმიერ ქალაქში ცალკე მან თავის თუთიყუშთან და "კაგებეშნიკთან" ერთად იაროს და ცალკე მიშა სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა მოსახლეობას შეხვდეს, აბა, ვნახოთ, ხალს რა განწყობა ექნება,“ - ამბობს ხაბეიშვილი.