უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია - პრეზიდენტი მედიას თვითრეგულაციების შემუშავებას ურჩევს

26.05.21 12:19
უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია - პრეზიდენტი მედიას  თვითრეგულაციების შემუშავებას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მედიის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, რომ უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები: 

ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში აუცილებელია, საზოგადოებას მიეცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილოთ, რადგან, თუნდაც პანდემიასთან ბრძოლა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. თუმცა, ასეთი თავისუფლებას საზოგადოების მხრიდან, მეტი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უნდა მოჰყვეს, რათა რეგულაციებისა და აკრძალვების გარეშე, თავის თავს დაუწესოს გონივრული ქცევის ნორმები. საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ თავს, ოჯახს თუ სხვებს. ჩვენი საერთო საზრუნავია ქვეყნის ჯანდაცვა, მისი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობა, რამეთუ ჩვენი ხვალინდელი დღე და სახელმწიფოს წინსვლა მასზეა დამოკიდებული! ასეთივე საერთო საზრუნავი და ეროვნული პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვა და განვითარება. ეს კი მოითხოვს თვით დამოუკიდებლობის დღის პატივისცემას!"- თქვა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები