გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღე - პრემიერის სიტყვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს შეეხო.
დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ. ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო მისი ტოლერანტული კულტურა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება. დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.
დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც შრომითა და ნიჭიერებით აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას და ქმნიან წარმატების საამაყო მაგალითებს. საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს“- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეკრუტებისთვის, რომელთაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ.
გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა. 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღე ეკლესიას მიულოცა, მისი თქმით, ეკლესიის ღვაწლი ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია.
ვულოცავ ჩვენს ეკლესიას, რომლის ღვაწლი ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია. ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისათვის. სწორედ მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილმა დღევანდელი დღე თავისუფლების მოედნიდან მიულოცა ვეტერანებს:
მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.