გენერლის დაკრძალვაზე ოპოზიციის არდაპატიჟება სამწუხარო, მაგრამ კანონზომიერი ამბავია - გიორგი კანდელაკი
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, ხელისუფლების მხრიდან გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვზე ოპოზიციის არდაპატიჟების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. კანდელაკი მთავრობის ამ ქმედებას კანონზომიერს უწოდებს და წერს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან დღევანდელ ქვეყანას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
გენერალ კვინიტაძის დაკრძალვაზე ოპოზიციის არდაპატიჟება სამწუხარო, მაგრამ კანონზომიერი ამბავია, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენი რამ აქვს სასწავლი დღევანდელ საქართველოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან, - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გენერლის, გიორგი კვინიტაძის, ცხედარი საქართველოში 22 მაისს ჩამოსვენეს. ამ დრომდე მისი ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა. ეროვნული გმირი დღეს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.