საარჩევნო პროცედურაში ამდენი გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი არ ჩადებულა - გიორგი ვაშაძე
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არჩევნებს გაყალბებისგან დააზღვევს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, თქმით, საარჩევნო პროცედურაში გაყალბების საწინააღმდეგო უამრავი მექანიზმია ჩადებული. პოლიტიკოსი სკეპტიკურად განწყობილ ოპოზიციის ნაწილს მიმართავს და პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
30 წლის მანძილზე არ შეცვლილა არასდროს ამდენი რამ საარჩევნო პროცედურაში, ამდენი გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი არ ჩადებულა და უფრო მეტსაც გეტყვით, ვინც გაყალბების მექანიზმის ავტორები არიან, ახლა ისინი აკრიტიკებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ფასადურს ამ ყველაფერს უწოდებს ის ხალხი, რომელიც მიზეზს ეძებს, რომ ოღონდ გააკრიტიკოს ეს ყველაფერი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩასაფრებული პოზიციის ნაცვლად, შემოუერთდით იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც არის წინ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, ვენეციის კომისიაში უკვე გადაიგზავნა.