წულუკიანი ცენზორად - რეორგანიზაციის მიზანს არასასურველი კადრების მოშორება წარმოადგენს - საია
რეორგანიზაციის მიზანს კულტურისა და მეცნიერების სფეროს კონტროლი და ცენზურა წარმოადგენს, - თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის პერიოდში წარმოებული პოლიტიკა მიმოიხილა. ანგარიში სახელწოდებით - "კულტურის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა და შრომითი დავების ანალიზი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაყრდნობით მომზადდა.
კვლევის მიხედვით, სასამართლოში წარმოებულმა დავებმა აჩვენა, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა კანონის დარღვევით და რეორგანიზაცია გამოყენებული იყო არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად.
საგულისხმოა, რომ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თავად რეორგანიზაციის ფაქტი საკმარისი არ არის გათავისუფლების კანონიერად მიჩნევისთვის. ე.წ. „რეორგანიზაციით” შეიძლება დაიფაროს დისკრიმინაციული მოტივი და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონიერ საფუძვლად. ამდენად, აუცილებელია, მას მოჰყვებოდეს შტატების შემცირება, თუმცა ეს არ გულისხმობს მხოლოდ ამ შტატების სახელებისა ან დაქვემდებარების ცვლილებას, არამედ, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამუშაო ძალის შემცირების რეალური საჭიროება. ამასთანავე, კანდიდატები, რომლებზეც რეორგანიზაციის პროცესი გავრცელდება, კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამჭვირვალე პროცედურით უნდა შეირჩნენ და მათი გათავისუფლება უნდა დასაბუთდეს", - წერია ანგარიშში.
საია წერს, რომ წულუკიანი გათავისუფლებული თუ ჩამოქვეითებული თანამშრომლების დასაშინებლად მანიპულაციურ ბერკეტებს იყენებს იმისთვის, რომ მათ სასამართლო დავებისგან თავი შეიკავონ.
ანგარიშში განხილული საქმეების ანალიზით დგინდება, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებიდან არასასურველი დასაქმებულების ჩამოშორება ხდება შრომის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით და მათ უფლებებში უხეში ჩარევით. მეტიც, ზოგიერთი მეცნიერის მიმართ დევნის პოლიტიკა გათავისუფლების შემდეგაც გრძელდება, რითაც მათ დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა ერთმევათ. უკანონოდ გათავისუფლებული პირების უფლებების აღდგენის თვალსაზრისით აღსანიშნავია სასამართლოს როლიც. დავების ნაწილი დასაქმებულთა სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები/განჩინებები დაუსაბუთებელია და კრიტიკას იმსახურებს", - წერია ანგარიშში.