ბრალდებები სრული ტყუილი და აბსურდია - დარახველიძე გოგა რაზმაძეს პასუხობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მისივე თანამშრომლის სკანდალურ განცხადებას პასუხობს - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ "გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება".
ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი თანამშრომელი, რომელსაც აუდიტის პროცესმა დისკომფორტი შეუქმნა.
მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის და ცოტა გაუგებარია ჩემთვის, თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი კვალიფიციურმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს და პირიქით, გამოჩნდეს, ვინ აკეთებს საქმეს, სად არის პრობლემა, სად არის გამოსავალი.
სამწუხაროდ, მე ვერ ამოვიკითხე რაში გამოიხატა პრობლემები. დეპარტამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ყველა თანამშრომელი აგრძელებს იმ საქმეების მონიტორინგს, რაც მათ დებულებით ევალებათ. ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თითოეული თანამშრომელი, სადაც კი ამ დეპარტამენტის მანდატია და არანაირი კონკრეტული ფაქტი იმის შესახებ, რომ რამე ზეწოლას ან შევიწროებას ჰქონდა ადგილი, გარდა გოგა რაზმაძის ზოგადი განცხადებებისა, ჩვენ არ მოგვისმენია. როგორც მე ამოვიკითხე მის პოსტში, მას მიუმართავს სახალხო დამცველისთვის და დაველოდოთ შესწავლის შედეგებს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკული პოსტის წაშლის მოთხოვნას, მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა. დარახველიძის მტკიცებით, თანამშრომლებს ზოგადად სთხოვენ ეთიკის დაცვით მოქმედებას.
"ჩვენ არავისთვის მიგვითითებია რაიმე პოსტის აღება, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეთიკის კოდექსის შესაბამისად იმოქმედონ"- თქვა დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა უწყება რამდენიმე საათის წინ ამხილა - გიორგი რაზმაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში ყველაფერიმას შემდეგ შეიცვალა, რაც კურატირად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.
რაზმაძის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მან დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი „საქმეს ურჩევდა“ .